ისტორია და გეოგრაფია

 

 

მუნიციპალიტეტის ისტორია

 

შუახევის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარისწყლის ხეობის შუა ნაწილში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა შუახევი. ტოპონიმი „შუახევი,“ არსებული მოსაზრებით, უკავშირდება გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანაში მიმდინარე პროცესს, როცა უნდა ჩამოყალიბებულიყო აჭარის ზემო და ქვემო „ხევები“ ანუ „ქვეყნები“. შიდამთიანი აჭარა (აჭარისწყლის ხეობა), ტრადიციულად, იყოფა ზედა (ცენტრით ჯერ დიდაჭარაში, შემდგომ ხულოში) და ქვედა (ცენტრით ქედაში) აჭარად. ზედა და ქვედა აჭარის საზღვარი სოფელ დანდალოსთან გადის. ამდენად, შუახევის „ქვეყანა“ დღეს ზემო აჭარაში შედის. თუმცა, ტოპონიმის აზრობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ დასაშვებია „შუახევი“, რომელიც თავისი მდებარეობით სწორედ დიდაჭარა-ხულოს (ანუ ზემო) და ქედის (ანუ ქვემო) „ხევებს“ შორისაა მოქცეული, უკვე გვიანბრინჯაო-ადრეული რკინის ხანაში ფორმირებული ყოფილიყო როგორც ცალკე „ქვეყანა“ ანუ „ხევი“. იგი თავის დროზე აჭარისწყლის შუა წელის გარკვეული მონაკვეთის გარდა (სავარაუდოდ, დანდალოსა და ზამლეთს შორისი სივრცე), შესაძლებელია ჭვანის ხევსაც მოიცავდა. დღეისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში შედის მარეთისა და ჭვანის ხეობები და აჭარისწყლის ხეობის შუახევის მონაკვეთი (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყლის სამდინარე ქსელის საერთო სიგრძე 17 კმ-ია). ისტორიული მარეთის ხეობის ფართობი 344 კვ.კმ-ია, რაც შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 58,5%-ს შეადგენს. იგი მთლიანად მოიცავს მდინარე ჩირუხისწყლის აუზს (მკვლევართა აზრით ამ მდინარის თავდაპირველი სახელი „ჭირუხი,“ „ჭირუხისწყალი“ უნდა ყოფილიყო). თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით ხეობაში შედის ოთხი თემი – უჩამბის (9 სოფელი), დღვანის (5 სოფელი), ოლადაურისა (7 სოფელი) და შუბანის (7 სოფელი). ჩრდილოეთით იგი ესაზღვრება შუახევისა (8 სოფელი) და ზამლეთის (8 სოფელი) თემებს, სხვა მიმართულებებით კი ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებსა და თურქეთის რესპუბლიკას. ისტორიულ-გეოგრაფიულად მარეთის ხეობაში შემავალი ზოგიერთი სოფელი დღეს შუახევის თემშია მოქცეული. მაგალითად: ოქროპილაური, გუნდაური და სხვ. ქართველ მკვლევართაგან ერთ-ერთი პირველი, ვინც მარეთის ხეობის აღწერილობა მოგვცა, გიორგი ყაზბეგი იყო (1874 წ.-ის მოგზაურობის ანგარიში). სამეცნიერო ლიტერატურაში როგორც ხეობის, ისე მისი მთავარი მდინარის სახელწოდება სხვადასხვა ფორმითაა დამოწმებული. ხეობა: მირეტი, მირატი, მარიტი, მარითი, მირეთი, მარეთი, მირათი, მერეთისხევი, მირეთისხევი და სხვ. მდინარე: ჭირუხისწყალი, ჩირუხისწყალი, მარატისწყალი, მარითისწყალი, მარეთისწყალი, ყარა-დერე (თურქულია, ითარგმნება როგორც შავი-ღელე). სადღეისოდ დამკვიდრებულია სახელწოდებები მარეთის ხეობა და ჩირუხისწყალი. ერთ-ერთი ეტიმოლოგიური ვერსიით, სახელწოდება „ჩირუხისწყალი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭირი“ (გაჭირვების, უბედურების ზოგადი სახელი): ჭირ-უხვი — ჭირუხი — ჩირუხი, აქედან ჩირუხისწყალი. საინტერესოა სიტყვა „მარეთის“ ეტიმოლოგიაც. ერთ-ერთი ვერსიით იგი უკავშირდება ერთგვარი ჭურჭლის – მარის სახელს, რომელიც მზადდებოდა როგორც ხის, ასევე თიხისაგან. აქედან „მარეთი“, ანუ მარების წარმოების მხარე. მეორე ვერსიით „მარეთი“ ქართული ტომის – მარების სახელისაგან მომდინარეობს. არსებობს სხვა მოსაზრებებიც. ისტორიული ჭვანის ხეობა მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში. მთლიანად მოიცავს ჭვანისწყლის აუზს. ადმინისტრაციული დაყოფით მასში შედის სამი თემი – ჭვანის (11 სოფელი), ბარათაულისა (7 სოფელი) და წყალსაყრის (5 სოფელი). სამხრეთით იგი ესაზღვრება შუახევისა და ზამლეთის თემებს, სხვა მიმართულებებით კი ქედის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს. მკვლევართა აზრით, ჭვანა თავდაპირველად სოფლის სახელი იყო და შემდეგ გავრცელდა მთელ ხეობაზე. როგორც ხალხური, ისე მეცნიერული ეტიმოლოგია ტოპონიმ „ჭვანას“ მცენარისაგან წარმოშობილ სახელად მიიჩნევს. არსებობს ასეთი მცენარის რამდენიმე ვერსია – ჭვავი (Secale cereale), ჭივანა (იგივე ჭყიპანტა – Silene wallichiana Klotzsch), კაპარი (იგივე ჯონჯოლი – Staphylea) (კაპაროვანი — კაპარჭვანი — ჭვანი — ჭვანა). წყაროები და გამოკვლევები ადასტურებენ, რომ აჭარაზე გამავალ გზებს ყოველთვის დიდი სავაჭრო-ეკონომიკური და სტრატეგიული ფუნქცია გააჩნდათ. საერთოდ, გზები წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის ერთ-ერთ უმთავრეს საზომს. შიდამთიანი აჭარის ცენტრალური საგზაო არტერია, რომელიც უძველესი დროიდან აჭარისწყლის ხეობას მიუყვება და ზღვისპირეთიდან სამცხეში გადადის, ცხადია, თანამედროვე შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც გაივლის (მათ შორის, დაბა შუახევზე). ამ გზით შემოვიდა აჭარაში ანდრია პირველწოდებული. აღსანიშნავია, რომ ეს გზა ითვლება მსოფლიო მნიშვნელობის მქონე „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთ განშტოებად, რაც უდაოდ მრავლისმეტყველი ფაქტია. მთავარი საგზაო არტერიის განშტოებებით, რომლებიც ჭვანისა და მარეთის ხეობებში იტოტება, შუახევის მოსახლეობა უკავშირდებოდა როგორც დანარჩენ აჭარას, ისე საქართველოს სხვა კუთხეებს, მათი გავლით კი უფრო შორეულ ქვეყნებს. ბევრი გადასასვლელი ეხლაც ფუნქციონირებს. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით აჭარისწყლის ხეობა, მათ შორის თანამედროვე შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ძველთაგანვე ადამიანის განსახლების არეალს წარმოადგენს. ნეოლითის ხანის (ძვ.წ. VIII-VI ათასწლ.) საინტერესო მასალებია მოპოვებული ჩირუხის, შუბნის, დარჩიძეების, ჭვანის ალპურ საძოვრებსა და სხვა ადგილებში. ძირითადად წარმოდგენილია საფხეკები, სახოკები, დანისებრი იარაღები, აგრეთვე, რეტუშირებული ლამელები, გვერდამოღარული ლამელები და ანატკეცები. მნიშვნელოვანია ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის (ძვ.წ. V-III ათასწლ.) მასალებიც (ჩირუხის, შუბნის მიდამოებიდან და სხვ.). აღსანიშნავია ძვლის სახვრეტები და თვითმყოფადობით გამორჩეული სხვადასხვა სახეობის კერამიკული ნაწარმი. განსაკუთრებით საყურადღებოა ადრებრინჯაოს ხანის მონაპოვარი სოფელ ჭვანიდან – როგორც მთლიანად დაცული თიხის ჭურჭელი, ისე ნამტვრევები (ძვ.წ. IV ათასწლ.-ის II ნახ.), აგრეთვე, ე.წ. ყუადაქანებული ცული. არსებული მონაცემებით დასტურდება, რომ აღნიშნულ პერიოდში დიდი ადგილი უკავია ნადირობასა და შემგროვებლურ მეურნეობას; პარალელურად, დაწინაურებას  განიცდის მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეტალურგია, ხელოსნური წარმოების სხვადასხვა დარგი, ფართო ხასიათს იღებს მეთუნეობა. შუა (ძვ.წ III ათასწლ.-ის ბოლო – ძვ.წ. II ათასწლ.-ის I ნახ.) და გვიანბრინჯაოს (ძვ.წ. II ათასწლ.-ის II ნახ.), აგრეთვე ადრერკინის (ძვ.წ. I ათასწლ.-ის I ნახ.) ხანებში აჭარისწყლის ხეობა, თანამედროვე შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიითურთ, ბრწყინვალე კოლხური კულტურის არეალშია მოქცეული და ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენს. ამ პერიოდისათვის განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის მეტალურგია. სამეურნეო ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ხით ხუროობა, ვითარდება მეფუტკრეობა. აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ რაიონებში კოლხური კულტურის შეღწევა სწორედ აჭარისწყლის ხეობის სათავეებით ხორციელდება. ძვ.წ. VI-IV სს.-ში აჭარა შუახევითურთ კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაშია. აჭარისწყლის მთიანეთში ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები საკმაოდ მრავლად მოიძებნება. საინტერესო მასალები აღმოჩნდა, მაგალითად, ჭვანის (ტაკიძეების) ციხის გათხრებისას. ასევე, ჭვანის ცენტრთან, არქეოლოგიური დაზვერვის დროს დადასტურდა ანტიკური ხანის ნამოსახლარიც. ძვ.წ. III ს.-ის დასაწყისში მეფე ფარნავაზმა ქართლის სამეფო ჩამოაყალიბა, რომლის ერთ- ერთ საერისთაოს შეადგენდა აჭარა შუახევითურთ და სამცხე. შემდგომ პერიოდში ჩვენთვის საინტერესო ტერიტორია კვლავ კოლხეთის ფარგლებში გვევლინება, სადაც ძვ.წ. 111-110 წწ.- დან პონტოს სამეფო გაბატონდა, ძვ.წ. 63 წლიდან კი რომის იმპერია იწყებს დამკვიდრებას. ახ.წ. I ს. უდიდესი მოვლენით აღინიშნა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. აჭარაში, რომელიც ამ დროს მომძლავრებულ ქართლის სამეფოს ეკუთვნის, შემოვიდნენ და ქრისტიანობა იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, მატათამ და სიმონ კანანელმა. ანდრია პირველწოდებული სოფელ დიდაჭარამდე მივიდა და „იწყო ქადაგებად სახარებისა“. ადგილობრივი წარმართი მოსახლეობა გაგებით მოეკიდა მის ქადაგებას. მოციქულმა აღაშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და „დაადგინა მღუდელნი და დიაკონნი“. ამდენად, აჭარისწყლის ხეობა და, კერძოდ, თანამედროვე შუახევისა და ხულოს ტერიტორია იყო ის ადგილი, რომლის მოსახლეობა, სრულიად საქართველოს მასშტაბით, პირველი ეზიარა ქრისტეს სჯულს და მოექცა. გვიან ანტიკურ და ადრე შუასაუკუნეების ხანაში აჭარა, და მაშასადამე შუახევიც, აქტიურად იყო ჩაბმული როგორც შიდაპირველობისათვის, ისე გარეშე ძალების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. განვითარებული შუა საუკუნეები საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების, მისი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური დაწინაურების პერიოდია. აყვავებას განიცდის აჭარაც. მაღალმთიან აჭარაში, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტში, თითქმის არ არსებობს სოფელი, სადაც არ იყოს აღრიცხული და ნაწილობრივ შესწავლილი ამ პერიოდის ნაქალაქარები, ნამოსახლარები, საფორტიფიკაციო კომპლექსები, ეკლესიები, საგზაო ნაგებობანი და ა.შ. მათი მშენებლობა, როგორც ეს სპეციალური კვლევის შედეგებმა ცხადყო, ძირითადად XI-XIII სს.-ზე მოდის. ამ აღმავლობის გამოძახილია ისიც, რომ აჭარაში ყოველთვის ესოდენ პოპულარული იყო და არის თამარ მეფის სახელი. XI-XIII სს.-ში აჭარა აბუსერისძეთა ფეოდალური გვარის გამგებლობაშია, რომლებიც მეფეთა ერთგული მსახურები იყვნენ. XII-XIII სს.-ში ისინი ერისთავთ-ერისთავებად იწოდებოდნენ. საერისთაოს ბირთვს, ძირითადად, ზემო აჭარა წარმოადგენდა, ამდენად, შუახეველები ყოველთვის მოვლენათა ცენტრში იყვნენ. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ აჭარა ცილობის საგნად იყო ქცეული სამცხის ათაბაგებსა და გურიელებს შორის, XVI ს.-ს 60-იანი წლებიდან კი აქ ოსმალეთი იწყებს დამკვიდრებას. 1563 წელს, სულთნის ბრძანებით, აჭარის ტერიტორიაზე სანჯაყი დაარსდა. იგი შედიოდა ახალციხის საფაშოში და იყოფოდა ზემო და ქვემო აჭარის ნაჰიებად (რაიონებად). თანამედროვე შუახევის მუნიციპალიტეტი ზემო აჭარის ნაჰიეში იყო გაერთიანებული. 1828-1829 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ახალციხის საფაშო გაუქმდა (მისი დიდი ნაწილი ახალციხითურთ გადაეცა რუსეთს). ოსმალეთის ფარგლებში დარჩენილი აჭარა ტრაპიზონის ვილაეთს (შედგებოდა ლაზისტანის, ტრაპიზონის, ჯანიკის, გიუმიშხანეს სანჯაყებისაგან) შეუერთეს. 1870-იანი წლებისათვის, ოსმალური ადმინისტრაციული დაყოფით, თანამედროვე შუახევის ტერიტორია შედიოდა ლაზისტანის სანჯაყის (ცენტრით ბათუმში) ლაზისტანის საყაენოს ზემო აჭარის (ულია-აჭარა) კაზაში ცენტრით ხულოში. ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის არასდროს შეწყვეტილა. აჭარლებმა, სხვა სამხრეთელ ქართველებთან ერთად, მრავალჯერ მოაწყვეს დიდი აჯანყება სულთნის წინააღმდეგ (მაგ.: 1660-იან, 1690, 1737, 1774, 1815, 1840, 1843-44, 1846, 1855-56, 1859, 1875 და სხვა წლებში), რომლებშიც შუახეველებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. მაგალითად, მძაფრი წინააღმდეგობის გამო მარეთის ხეობას ოსმალებმა „ყარა-დერე“ ანუ შავი ხეობა უწოდეს, ხოლო 1790 წ. სოფელ ჯუმუშაურის მოსახლეობა მთლიანად გადაასახლეს აჭარიდან ეგვიპტეში, ქრისტიანული სარწმუნოების თავგანწირული დაცვის გამო. ოსმალური პერიოდი უარყოფითად აისახა რეგიონის ეკონომიკურ-კულტურულ განვითარებაზეც. მაგ.: ტრაპიზონში ინგლისის კონსულის ჯიფორდ პალგრევის 1872 წ. მოხსენებაში მითითებულია, რომ ზემო აჭარაში საერთოდ არ არის სკოლა. საინტერესოა, რომ მისივე აღნიშვნით ამ კუთხეში არის მაღალი ხარისხის თაფლი და განვითარებულია მეფუტკრეობა. მისივე თქმით, აქაური ფიჭვი საუკეთესოა მთელს დასავლეთ აზიაში, დიდი ზომებით გამოირჩევა მუხა და წიფელიც, მაგრამ უგზოობის გამო მათი გატანა მოუხერხებელია. პალგრევი ზემოაჭარლებს ახასიათებს როგორც ფიზიკურად ლამაზ, მებრძოლ და შეუდრეკელ, ოსმალებისადმი მტრულად განწყობილ ხალხად. 1877-78 წწ.-ის რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ აჭარა, ე.წ. „ოსმალოს საქართველოს“ დიდ ნაწილთან ერთად, რუსეთს გადაეცა. ამ მოვლენის უმთავრესი დადებითი მხარე ის იყო, რომ საქართველოს ნაწილებმა ერთ პოლიტიკურ სივრცეში მოიყარა თავი. 1878 წ.-ის (20 დეკემბრის განკარგულება) რუსული ადმინისტრაციული დაყოფით, შუახევის თანამედროვე მუნიციპალიტეტის ტერიტორია შევიდა ბათუმის ოლქში და მოექცა აჭარის ოკრუგის ზემო აჭარის უბნის შემადგენლობაში. შემდგომშიც, მიუხედავად ბათუმის ოლქთან დაკავშირებით მიმდინარე მსხვილი ადმინისტრაციული ცვლილებებისა, შუახევი ყოველთვის ზემო აჭარის უბანში ერთიანდებოდა. რუსეთი ახალშემოერთებულ მხარეში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა, რაც ხშირად უარყოფითად მოქმედებდა ადგილობრივი მოსახლეობის ბედზე. მასში, რომ მუჰაჯირობამ (მუსლიმი ქართველების გადასახლება ოსმალეთში) მასობრივი ხასიათი მიიღო, ოსმალურთან ერთად, დიდი ბრალი მიუძღვის რუსულ მხარესაც. რუსული მმართველობის პერიოდში აჭარა დიდი განსაცდელის წინაშე კიდევ ერთხელ პირველი მსოფლიო ომის დროს დადგა. ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ აქ შემოჭრილმა ოსმალურმა სამხედრო ნაწილებმა ააწიოკეს, ხოლო შემდეგ რუსულმა ხელისუფლებამ აჭარლებს სახელმწიფო ღალატში დასდო ბრალი და მათი გასახლება მოინდომა. 1915 წელს, ღალატის ბრალდებით, ზემო აჭარაშიც დააპატიმრეს 192 კაცი, რომლებიც მირეკეს სოფ. ხიჭაურში, სადაც აღმართული იყო რამდენიმე სახრჩობელა. ორი კაცი ჩამოახრჩვეს კიდეც. დაპატიმრებები გრძელდებოდა. საშინელი ხვედრისაგან ბათუმის ოლქის მუსლიმი მოსახლეობა მთლიანი ქართული საზოგადოების ერთსულოვანმა პროტესტმა იხსნა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ოსმალურთან შედარებით, რუსული მმართველობის პერიოდში ბევრად უკეთესი პირობები შეიქმნა აჭარის, და მათ შორის შუახევის, ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის. პირველი ქართული დაწყებითი სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტის ფარგლებში და ერთ- ერთი პირველთაგანი შიდამთიანი აჭარის მასშტაბით, გაიხსნა სოფელ ოლადაურში (შემდგომში პირველი შვიდწლიანი სკოლა შუახევის რაიონში) წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით. ადგილობრივთა გადმოცემით, პირველი ზარი ამ სკოლაში 1915 წლის 1 ნოემბერს დაირეკა. რუსეთის იმპერიის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აჭარაში ერთი პერიოდი ჯერ თურქები, შემდეგ კი ინგლისელები ბატონობდნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ აქ მხოლოდ 1920 წლის 7 ივლისს დაამყარა თავისი იურისდიქცია. უნდა ითქვას, რომ ქართული ხელისუფლების აღდგენაში თავისი წვლილი შეიტანა ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის შუახევლების, აბსოლუტური უმრავლესობის პატრიოტულმა განწყობამ. თუმცა, დამოუკიდებლობის პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა – საქართველო ბოლშევიკურმა რუსეთმა შეიერთა. 1921 წლის 18 მარტს საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა აჭარაშიც. იმავე წლის 16 ივლისის დეკრეტით კი შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. 1921 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით აჭარაში ჩამოყალიბდა ხუთი მაზრა. აქედან ერთ- ერთი იყო ზემო აჭარის მაზრა (იგივე ხულოს), რომელშიც შედიოდა ახლანდელი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. 1930 წელს მაზრები რაიონებით შეიცვალა. ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა 1952 წლამდე. ცხოვრებისეულმა საჭიროებამ 40-ან წლების ბოლოს დღის წესრიგში დააყენა შუახევის ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის საკითხი. გამოჩენილი ნიადაგმცოდნის, პროფესორ დიმიტრი გედევანიშვილის ხელმძღვანელობით, სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა და რესპუბლიკის ზემდგომ ორგანოებში წარადგინა შუახევის რაიონის შექმნის პერსპექტიულ- ეკონომიკური დახასიათება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1952 წლის 13 დეკემბრის ბრძა- ნებულებით შეიქმნა შუახევის რაიონი, 20 დეკემბერს კი ჩამოყალიბდა შუახევის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომი. აქედან იწყება მისი, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის ისტორია. 21 დეკემბერს (სტალინის დაბადების დღეს) გაიმართა საქართველოს კომპარტიის შუახევის რაიონული ორგანიზაციის პირველი შეკრება, რომელსაც ხელმძღვანელობდა პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი გ. ცინცაბაძე. რაიკომის პირველ მდივნად ერთხმად იქნა არჩეული ლ. უკლება, მეორე მდივნად – მ. ბოლქვაძე, მდივნად – ნ. ჭიჭინაძე. ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფამ დადებითად იმოქმედა შუახევის ეკონომიკურ განვითარებაზე, თუმცა ეს პერიოდი მხოლოდ 10 წელიწადს გაგრძელდა. 1962- 1963 წლებში, ხრუშოვის განკარგულებით, ჩატარდა საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული სტრუქტურის რეორგანიზაცია. ამ კურსის შესაბამისად, 1962 წლის 5-10 დეკემბერს აჭარაში შეიქმნა ორი გამსხვილებული რაიონი – ქობულეთისა (ქობულეთ-ხელვაჩაურის ბაზაზე) და შუახევისა (ხულო-შუახევი-ქედის ბაზაზე). მალე ხულოს რაიონი გამოყვეს, როგორც მაღალმთიანი და 25 დეკემბერს შუახევის რაიონულ ცენტრში ჩატარებული დამფუძნებელი კონფერენციის გადაწყვეტილებით შეერთდა მხოლოდ შუახევ-ქედის რაიონები. თუმცა, ეს ერთეულიც მალევე დაიშალა და 1962 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაერთიანდა ხულოსა და შუახევის რაიონები ცენტრით ხულოში. შუახევის მოსახლეობა ამ ფაქტით უკმაყოფილო დარჩა (დაწესებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა გადავიდა ხულოში, შემცირდა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა). შეიქმნა შუახევის რაიონის აღდგენისათვის მებრძოლი ორგანიზაცია 35 კაცის შემადგენლობით. იგზავნებოდა კოლექტიური წერილები და დელეგაციები ბათუმში, თბილისსა და მოსკოვში. 1964-1965 წლებში ვითარება შეიცვალა და გაუქმებული (შეერთებული) რაიონები აღ- დგენილ იქნა. 1965 წლის 5 ნოემბერს რაიონის აღდგენა შუახევის მოსახლეობამაც იზეიმა. 1974 წლიდან შუახევს ოფიციალურად მიენიჭა დაბის სტატუსი. 1990 წლის ოქტომბერში საქართველოს უმაღლესი საბჭოს არჩევნებით სახელმწიფოს სათავეში ეროვნული ძალები მოვიდნენ. თანდათან დაიწყო ძველი საზოგადოებრივ- პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და ახალი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის პროცესი. 1991 წლის მარტში შეიცვალა რაიონული მმართველობის სტრუქტურები – გაუქმდა რაიონული საბჭოს აღმასკომი და მის ნაცვლად შემოღებული იქნა რაიონის პრეფექტურა. ცოტა მოგვიანებით, 1991 წლის აგვისტოში, საქართველოში კომპარტიის საქმიანობაც აიკრძალა და გაუქმდა პარტიის შუახევის რაიკომი. ამის შემდგომ რაიონის ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის 2006 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიქმნა სხალთის ეპარქია, რომელშიც გაერთიანდა ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონები. 2008 წლის 10 ივნისს ეპარქიას ეწვია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც ხიჭაურის ყოფილი სასაზღვრო რაზმის ტერიტორიაც მოინახულა. გადაწყდა, აქ  ამოქმედებულიყო საპატრიარქო პატრონაჟის ქვეშ მყოფი უმაღლესი სასწავლებელი. მალე, შუახევის მოსახლეობის დიდი თანადგომითა და ხელშეწყობით, ხიჭაურის სასაზღვრო ბაზაზე საპატრიარქოსთან არსებული, ტბელ აბუსერისძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა. 2006 წლიდან, თვითმმართველობის სისტემის საკანონმდებლო რეფორმის შემდეგ, შუახევის რაიონს ეწოდა შუახევის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ცალკეული უბანები ვაკე რელიეფით ხასიათდება, ძირითადი ტერიტორია კი მთაგორიანია. ყოველივე ამას რეგიონის სამეურნეო განვითარებაზე, ყოფით კულტურასა თუ ისტორიულ წარსულზე მოუხდენია თავისებური გავლენა, რამაც განსაზღვრა ეკონომიკის მრავალპროფილიანობა მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური თავისებურებებით. მეურნეობის ტრადიციული დარგი იყო მემინდვრეობა. აქ თესდნენ ქერს, ჭვავს, ფეტვსა და სხვა ხორბლეულს. XIX ს.-ის მეორე ნახევრიდან ფართო გავრცელება ჰპოვა სიმინდმა. თავისი შედარებით უხვმოსავლიანობით მან დიდად შეავიწროვა ხორბლეული კულტურები. XIX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან მოსახლეობა ეცნობა კარტოფილს. სამეურნეო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ლობიო და სხვა ბაღჩეული. ტექნიკური კულტურებიდან საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ფართო გავრცელება ჰპოვა მეთამბაქოეობამ, თუმცა თამბაქო აჭარაში XVII ს.-ში იქნა შემოტანილი. ბოლო პერიოდში მან დაკარგა სამრეწველო მნიშვნელობა და მეურნეობის დამხმარე დარგად გადაიქცა. ძველთაგანვე იყო განვითარებული მეხილეობა. ამას მოწმობს ხეხილის ჯიშების სიმრავლე, მდიდარი ტერმინოლოგია და ტრადიციები, ეთნოგრაფიული მასალების სიუხვე და გადმოცემები. ხილისაგან ამზადებდნენ ბეთმეზს, ჩირს, ტყლაპს, წოწოქასა და ა.შ. ფართოდ იყო გავრცელებული კაკლის ხეები. ძველთაგანვე განვითარებულია მესაქონლეობა. მისდევდნენ როგორც მსხვილფეხა (ძირითადად), ისე წვრილფეხა საქონლის მოშენებას. ძირითადად გავრცელებული იყო ადგილობრივი ჯიშის ძროხა, რომელიც ტანად პატარაა და არც წველადობით გამოირჩევა, მაგრამ მისი რძე ხასიათდება მაღალი ცხიმიანობით. იგი კარგადაა შეგუებული მთის პირობებს. მთის მესაქონლეობაში დიდი იყო კამეჩის მნიშვნელობაც. წვრილფეხა საქონლიდან უპირატესობა ცხვარს ენიჭებოდა, რადგან იგი არა მარტო ხორცსა და რძეს, არამედ მატყლსაც იძლეოდა, რაც დიდად გამოიყენებოდა შინამრეწველობაში. კონკრეტული ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა მესაქონლეობის თავისებური ფორმა – ალპური მესაქონლეობა. მოსახლეობა ზაფხულობით საქონელს მიერეკება საზაფხულო საძოვრებზე. ეს პროცესი „მემთევრობის“ სახელით არის ცნობილი. მემთევრის/მემთეურის საქმიანობა მარტო პირუტყვის მოვლით არ ამოიწურება. იგი მოწველილი რძისაგან ამზადებს ნაღებს, იაღს/კარაქს, ყველს და ა. შ. გარდა პირადი მოხმარებისა, რძის პროდუქტები ვაჭრობისა და გაცვლა-გამოცვლის საგანსაც წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც.  შუახევისა და ხულოს მოსახლეობაში ხალხურ დღესასწაულებს შორის მთავარი ადგილი „შუამთობას“ უჭირავს. იგი მემთევრობის, მთობის შუა პერიოდის დღესასწაულია. შუახევის ტერიტორიაზე ძველთაგანვე განვითარებული იყო მეფუტკრეობაც. ნიშან- დობლივია, რომ 1281 წლის ერთი დოკუმენტის მიხედვით, სოფელ შუბანს გელათისათვის ცვილის გადახდა ევალებოდა. სამეურნეო ყოფაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ხელოსნობასა და შინამრეწველობის ისეთ დარგებს, როგორიცაა: მჭედლობა, ხის და ქვის დამუშავება, ქსოვა, მეთუნეობა, ტყავის დამუშავება, საპნის დამზადება ა.შ. ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლებია შუა საუკუნეების ციხეები ოქროპილაურსა და დარჩიძეებში, ციხე-სიმაგრის ნანგრევები ნიგაზეულში, ტაკიძეებში, ხიჭაურში (კავიანი) და თაღოვანი ხიდები ვარჯანაულსა და ფურტიოში. არსებობს მატერიალური კულტურის ბევრი სხვა, ნაკლებად გადარჩენილი ძეგლი. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მრავლადაა წარმოდგენილი შუასაუკუნეების (ძირითადად XI-XVII სს.-ის) საეკლესიო ნაგებობათა ნაშთები, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა სოფელში გვხვდება (მათი რიცხვი 50-ს აღემატება). შენდება ახალი ტაძრებიც, რომელთაგან განსაკუთრებით გამონათლევის წმინდა გიორგის ეკლესია უნდა აღინიშნოს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს 14 მეჩეთიც, რომლებიც აგებულია XIX ს.-სა და XX ს.-ის დასაწყისში, ძირითადად, ლაზი ოსტატების მიერ (რესტავრირება გაუკეთდათ 1980-90-იან წწ.-ში), და გააჩნიათ გარკვეული ისტორიულ-კულტურული ღირებულება.

 

 

2014 Powered By GB, ყველა უფლება დაცულია